პარიზის ქართული მართლმადიდბლური სამრევლო

წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია დაარსდა 1929 წელს იმ ქართველი მართლმადიდებლებისათვის, რომლებმაც საფრანგეთს შეაფარეს თავი მას შემდეგ,რაც საქართველოში შემოიჭრა რუსული ბოლშევიკური არმია 1921 წელს. საფრანგეთში თავშეფარებულთ სურდათ მშობლიური ქვეყნის ფარგლებს გარეთ შეენარჩუნებინათ ქართული ქრისტიანული ღვთისმსახურება, რომელიც 16 საუკუნეს ითვლიდა. 337 წელს საქართველო გაქრისტიანდა, ქალწულის, წმინდა ნინოს მიერ, რაც ეკლესიის ისტორიისთვის უნიკალური ფაქტია,სწორედ მისი მფარველობის ქვეშაა ეს ეკლესია.

მართლმადიდებლური სამრევლოები, რომლებიც ყალიბდება ავტოკეფალური ეკლესიების ტერიტორიებს გარეთ ექვემდებარება მსოფლიო პატრიარქის იურისდიქციას, კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს,რა წარმომავლობისაც არ უნდა იყოს ეს სამრევლოები. მსოფლიო პატრიარქს, უპირატესს პატრიარქთა და მეთაურთა შორის (ვინც უძღვებიან სხვადასხვა ადგილობრივ მართლმადიდებლურ ეკლესიებს და ერთად შეადგენენ ერთ მსოფლიო ეკლესიას), როგორც პროტოიერარქს ერთი მთლიანი მართლმადიდებელი ეკლესიისა აქვს იურიდიული პრივილეგია ამ მართლმადიდებლურ სამრევლოებზე.
მეოთხე მსოფლიო კრების დადგენილი კანონების მიხედვით წმინდა ნინოს სამრევლო დაარსდა ადგილობრივი ეკლესიების ტერიტორიული საზღვრების პრინციპით.
ქართული მართლმადიდებული საზოგადოების კანონიკური განლაგება დადგინდა სამი ნორმატიული აქტის მიხედვით, რომლებიცაა:

– პატრიარქ ბასილი მესამის ეპისტოლე, 29 აპრილი 1929 წ. ეს ეპისტოლე პრინციპში უფლებას ანიჭებს ქართველი მართლმადიდებლური სამრევლოს ჩამოყალიბებასა და მოღვაწეობას საფრანგეთში და ავალებს დასავლეთ და ჩრდილოეთ ევროპის მსოფლიო საპატრიარქოს ეგზარქოსს მოახდინოს მისი აღსრულების რეგულაცია,ამ უკანასკნელის გარკვეული პირობების დაზუსტებით:
– საკულტო ასოციაციის წესდება, სახელწოდებით წმინდა ნინოს სახელობის ქართული სამრევლო ანუ ეკლესია.ეს ასოციაცია განცხადებულ იქნა 1929 წლის 23 აგვისტოს.
– ზემოხსენებულ წესდებების რატიფიკაცია მიენიჭა 1929 წლის 17 სექტემბერს დასავლეთ და ჩრდილოეთ ევროპის საპატრიარქოს ეგზარქოსის მიერ.

წმინდა ნინოს წესდებები აზუსტებს კერძოდ, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის კანონიკურ პრინციპთა შესაბამისად, წმინდა ნინოს სახელობის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია არის მისი უწმინდესობა მსოფლიო პატრიარქის იურისდიქციისა და მფარველობის ქვეშ და ეკუთვნის თიათირის მართლმადიდებლურ ეპარქიას,ამავდროულად არის რა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის სახე,წმინდა ნინოს სახელობის ქართული ეკლესია ინარჩუნებს მუდმივ სულიერ კავშირს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მეთაურთან.

წმინდა ნინოს სამრევლოს შექმნისას მისმა ფუძემდებლებმა, განსაკუთრებით კი თავადმა ილამაზ-მიხეილ დადეშქელიანმა, რომელიც მაშინ საფრანგეთში საქართველოს რესპუბლიკის დიპლომატიური მისიის მდივანი იყო, მოინდომეს და წმინდა ნინოს სამრევლოს ყველაზე მტკიცე კანონიკური საფუძველი მიანიჭეს,რაც საეკლესიო იერარქთა წინაშე მათი მუშაობისა და ქმედებების შედეგი იყო.
1931 წლის 24 მაისს, მრევლის პირველი წინამძღვარი, არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე, ფილოსოფიის დოქტორი, ბონის უნივერსიტეტის დეკანი, მიტროპოლიტ გერმანოსის მიერ, რომელიც იყო მსოფლიო პატრიარქის ეგზარქოსი, მღვდლად იქნა ხელდასხმული,. კურთხევა წმინდა სტეფანეს სახელობის პარიზის ბერძნულ მართლმადიდებლურ საკათედრო ტაძარში შესდგა. მამა გრიგოლ ფერაძე შემდგომ ვარშავის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის პროფესორად მუშაობდა. მეორე მსოფლიო ომის დროს იგი დაიჭირეს პოლონეთში,გადაასახლეს და 1942 წელს მოწამეობრივად აღესრულა ოსვენციმში.
1943 წელს მამა ნიკოლოზ ზაბახიძემ, რომელიც მღვდლად საქართველოში იყო ნაკურთხი და საქართველოდან 1924 წლის აჯანყების შემდეგ გამოიქცა, მამა გრიგოლ ფერაძე 1949 წლამდე შეცვალა.
1949 წლის მარტიდან 1988 წლამდე, დეკანოზი ილია მელია, რომელიც მღვდლად 1943 წელს ეკურთხა, ორმოც წელზე მეტ ხანს იყო წინამძღვარი და სულიერი და ზნეობრივი ავტორიტეტი დიდი რაოდენობით ლტოლვილი ქართველებისა არა მარტო საფრანგეთში, არამედ საერთოდ უცხოეთში. მამა ილია მელია ეკლესიის ისტორიკოსი იყო, პარიზის მართლმადიდებლური თელოგიის ინსტიტუტის პროფესორი. მსოფლიო საპატრიარქოს ეგზარქოსთა თხოვნით მამა ილია მელია სხვადასხვა კონფესიის ქრისტიანთა დასაახლოებლად გამართულ ამა თუ იმ ღონისძიებაში მსოფლიო საპატრიარქოს რეგულარულად წარმოადგენდა ხოლმე. ამასთან დაკავშირებით მას შეხვედრა ჰქონდა მის უწმინდესობა რომის პაპთან, პავლე VI თან.
მამა ელია მელიას გარდაცვალების შემდეგ 1988 წლის 15 მარტს, მიტროპოლიტი ერემია, მსოფლიო პატრიარქის ეგზარქოსი დაეხმარა წმინდა ნინოს სახელობის მრევლს, რომ საფრანგეთში მყოფი ქართული საზოგადოების წიაღში მოენახათ მღვდელი. ამისათვის მამა გაბრიელ ანრი დაინიშნა წმინდა ნინოს სახელობის მრევლის სამსახურში მიტროპოლიტის მიერ.მან აქ იმსახურა 1988 წლის მარტიდან ამავე წლის სექტემბრამდე, როდესაც იგი გარდაიცვალა. მისი საქმის გამგრძელებელი გახდა არქიმანდრიტი მეთოდიოს ალექსიუ, რომელიც თავის მხრივ დაეხმარა ქართულ საზოგადოებას და ემსახურა მას 1993 წლამდე.
1992 წლის დეკემბერში, 1991 წელს დიაკვნად კურთხევის შემდგომ, მამა არჩილ დავრიშაშვილი, საფრანგეთში დაბადებული, პარიზის წმინდა სტეფანეს სახელობის ბერძნულ მართლმადიდებლურ საკათედრო ტაძარში მღვდლად ხელდასხმულ იქნა მიტროპოლიტ იერემიას მიერ, რომელიც იყო მსოფლიო პატრიარქის ეგზარქოსი. 1993 წლიდან მამა არჩილ დავრიშაშვილი არის მრევლის წინამძღვარი.
წმინდა ნინოს მრევლისათვის პარიზში წირვა-ლოცვა 1944 წლიდან დაქირავებულ შენობებში აღევლინებოდა. 1973 წლის სექტემბერში ბატონ ლევან ზურაბიშვილის, საფრანგეთში არსებული ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის ინიციატივითა და მონდომებით,პარიზში მოხერხდა ადგილის შეძენა საფრანგეთსა და უცხოეთში მცხოვრები ქართველების გულუხვობის შედეგად. ამ სამლოცველოს მოწყობა და გაფორმება დაევალა არქიტექტორს, ბ-ნ ალექსი კობახიძეს. 1990_იან წლებამდე ეს იყო ერთადერთი ღვთისმსახურების ადგილი საქართველოს ფარგლებს გარეთ, სადაც წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე აღევლინებოდა. მიუხედავად იმისა, რომ კანონიკურად ეს ეკლესია მსოფლიო საპატრიარქოზეა დამოკიდებული, წმინდა ნინოს სამრევლო იყო და არის მოწოდებით უძველესი ქართული ქრისტიანობის მსახური, ნაყოფი ჩვენი წმინდა მფარველის მოციქულობისა, რომელმაც საქართველო გააქრისტიანა IV საუკუნეში.
საქართველო 70ზე მეტი წლის განმავლობაში საბჭოთა რუსეთის მიერ იყო ოკუპირებული,ხოლო 1991 წლიდან სუვერენული ქვეყანაა, რომელმაც დაიბრუნა დამოუკიდებლობა. საქართველოს ტერიტორია 70 000 კმ2 ს შეადგენს, მოსახლეობა დაახლოებით 5 მილიონს. 1921 წლამდე ქართულ ეკლესიაში 1527 სამრევლო შედიოდა, რომელსაც 1700 მღვდელმსახურზე მეტი ემსახურებოდა. 1980იან წლებში სამწყსოთა რაოდენობა დაყვანილ იქნა ორმოცდაათიოდე სამრევლომდე. რამდენიმე წელია ქართული ეკლესია თვალსაჩინო და მშფოთვარე აღორძინებას განიცდის.

დამაარსებლები
spinner
შესაწირი